სტენფორდის უნივერსიტეტში შექმნეს „ჩეთ ბოტი“, რომელიც შფოთვითა და დეპრესიით შეწუხებულ ადამიანებს დაეხმარება, თავი უკეთ იგრძნონ. აპლიკაციის შესახებ სიუჟეტი BBC-მ მოამზადა.
„ზოგჯერ შფოთვისა და დეპრესიის მართვა ძალიან რთულია და ასეთ დროს განსაკუთრებით რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მოგისმენთ. ამიტომ „ჩეტ ბოტი“, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა, შესაძლოა, ასეთ რთულ მომენტში დაგეხმაროთ“, – აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი.
„ჩეტ ბოტი“ – Woebot-ი ფეისბუქის მესენჯერს იყენებს და მისი მიზანია, დეპრესიულ ადამიანებს ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს.
როგორც BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია აღნიშნული, „ჩეტ ბოტის“ მიზანი არ არის მომხმარებლებისთვის დიაგნოზის დასმა.
„ის არ გეტყვით იმას, რაც თქვენ არ იცით თქვენ შესახებ. არამედ ის გისვამთ სწორ შეკითხვებს, რაც საშუალებას გაძლევთ, უფრო მეტი გაიგოთ თქვენი მდგომარეობის შესახებ. კარგი თერაპევტიც ხომ დიალოგის რეჟიმშია საკუთარ კლიენტთან“, – აცხადებს ელისონ დარსი, Woebot-ის დამფუძნებელი.
ზოგიერთი ადამიანი ამ პროგრამას იმიტომ იყენებს, რომ უფრო მარტივია საკუთარი პრობლემების შესახებ ესაუბრო ბოტს, ვიდრე ადამიანს.
„იმის ნაცვლად, რომ თერაპევტთან წავსულიყავი, რასაც ადრე ვაკეთებდი, თუმცა ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ეს ადამიანი ჩემთვის უცხო იყო, ვფიქრობდი, როგორ ვენდო უცხო ადამიანს. ამ „ჩეტ ბოტს“ რაც შეეხება, საქმე უფრო მარტივად არის, შენ შეგიძლია დღიური აწარმოო, ყოველ დღე წერო შენი ემოციური მდგომარეობის შესახებ ან უბრალოდ ისე მოიხმარო, როგორც მოსახერხებელი იქნება“, – აცხადებს Woebot-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.
რამდენად შეუძლია რობოტს ადამიანის ჩანაცვლება – ამ კითხვით BBC-მ პროფესიონალ ფსიქოთერაპევტს მიმართა.
სან ფრანცისკოს სტრესისა და შფოთვის ცენტრის ექიმი ჯონათან ჰოროუვიტსი მიიჩნევს, რომ „ჩეტ ბოტის“ მოხმარებას შესაძლოა, უკუშედეგი მოყვეს.
„ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრი აუცილებელია, რომ იყოს კარგად გამოცდილი ადამიანებთან ურთიერთობაში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას კარგად გააკეთებს ბოტი“, – აცხადებს ჯონათან ჰოროუვიტსი.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ექიმი ყურადღებას ამახვილებს არის მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოება.
„როდესაც ჩვენ პაციენტს ვესაუბრებით, მის ფრაზებს პირდაპირ არ ვიწერთ, არამედ ვადგენთ კლინიკურ დიაგნოზს, ხოლო „ჩეტ ბოტის“ შემთხვევაში, ყველაფერი, თითოეული ფრაზა შეიძლება ვინმემ წაიკითხოს“, – აცხადებს ჯონათან ჰოროუვიტსი.
Webot-ი მომხმარებელს აძლევს ანონიმურობის გარანტიას. პროგრამის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ საუბრები დაშიფრულია.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, Woebot-ს ფეისბუქისგან დამოუკიდებელი აპლიკაციას აქვს და საჭირო არ არის, ფეისბუქზე იყოთ დარეგისტრირებული.
წყარო: BBC