დეპორტირებულთა საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება სტრასბურგის სასამართლოში [ვიდეო]
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მეხუთე მუხლის დარღვევისთვის, თითოეულ მოქალაქეს 10 000-დან 15 000-მდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მესამე მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელი მოსამართლე, დიმიტრი დედოვი გამოვიდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის რაოდენობის განსაზღვრასა და განაწილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 17 მოსამართლიდან 16-მა დაუჭირა მხარი.
„სასამართლომ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ მოპასუხე ქვეყანა განმცხადებელ მთავრობას სამი თვის ვადაში გადაუხდის 10 მილიონ ევროს, საქართველოს 1 500 მოქალაქისთვის ზარალის კომპენსაციისთვის. ეს თანხა განმცხადებელმა მთავრობამ უნდა გაუნაწილოს დაზარალებულებს ინდივიდუალურად 2 000 ევროს ოდენობით მეოთხე მუხლის მეოთხე ოქმის დარღვევის გამო. 10 000 ევროდან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადონ იმ ადამიანებს, რომლებიც გახდნენ კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი და მესამე პარაგრაფების დარღვევის მსხვერპლი. თანხის განაწილება უნდა მოხდეს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით გადახდიდან 18 თვის განმავლობაში“, – განაცხადა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანმხვედრი მოსაზრებები გამოთქვეს უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან წარდგენილმა მოსამართლეებმა: განა იუდკივსკამ, ლეტიფ ჰუსეინოვმა და ლადო ჭანტურიამ.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს იყო პირველი საქმე კვიპროსისა და თურქეთის საქმის შემდეგ, როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო კომპენსაციის საქმის განხილვა სახელმწიფოთაშორის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განსაზღვრა სამი კრიტერიუმი იმის დასადგენად, რამდენად გამართლებული იყო დამაკმაყოფილებელი განაჩენი სახელმწიფოთაშორისი დავის საქმეში. განჩინების თანახმად, აღნიშნული სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელ მთავრობას უფლება ჰქონდა, წარედგინა სარჩელი 41-ე მუხლის საფუძველზე და რომ სამართლიანი კომპენსაციის გადაცემა ამ საქმეში გამართლებულია.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ განმცხადებელმა მთავრობამ, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, უნდა შექმნას ეფექტიანი მექანიზმი აღნიშნული თანხის დაზარალებული პირებისთვის გასანაწილებლად, რაც სასამართლოს მითითებების მხედველობაში მიღებას ითვალისწინებს.