დენის შმიგალი - უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა პოლონეთის მხრიდან არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯია
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა პოლონეთის მხრიდან არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯია, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„ეს არის არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც მძიმედ იმოქმედებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასა და უკრაინის ეკონომიკაზე. მოვუწოდებთ პარტნიორებსა და ევროკომისიას, უზრუნველყონ უკრაინული საკვების შეუფერხებელი ექსპორტი ევროკავშირში. ეს არის სოლიდარობა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს მიმართ, რომელსაც უკრაინული მარცვლეული სჭირდება“, – წერს შმიგალი საკუთარ „ტვიტერზე“.
შმიგალმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ჩაშალა მარცვლეულის ინიციატივა, ის ანადგურებს შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურას და კიდევ ერთხელ ახდენს მსოფლიო სასურსათო კრიზისის პროვოცირებას.
ცნობისთვის, ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ – ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა ერთობლივად მიმართეს ევროკავშირს, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვის ვადა გაახანგრძლივოს. ისინი შიშობენ, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის შეფერხების ფონზე, მათ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის ნაკადი გაიზრდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ კი გააფრთხილა უკრაინა, რომ თუ ევროკომისია არ დათანხმდა უკრაინული ექსპორტის აკრძალვის ვადის გახანგრძლივებას, მაშინ არაა გამორიცხული, რომ 15 სექტემებრიდან პოლონეთმა უკრაინულ მარცვლეულს საზღვარი ჩაუკეტოს.