დენის შმიგალი - უკრაინის ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა ძალიან რთულია, რუსეთმა გაანადგურა ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 50%
ენერგეტიკის სექტორში მდგომარეობა ძალიან რთულია, რუსეთმა გაანადგურა უკრაინის ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 50%, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„ძალიან მძიმე ვითარებაა ენერგეტიკის სექტორში, რუსეთმა გაანადგურა ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 50%. დღეის მდგომარეობით, ჩვენ დავკარგეთ 9.2 გიგავატი ელექტროენერგია სარაკეტო და დრონების შეტევის გამო, რაც ჩვენი სიმძლავრის ნახევარია. გარდა ამისა, განადგურების ან დაზიანების გამო ექსპლუატაციაში არ არის 20 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა საერთო სიმძლავრე 1,3 გიგავატია. ჩვენ ვმუშაობთ მათ აღსადგენად”, – აღნიშნა შმიგალმა.
ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდაზე.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა შექმნეს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდი, რომლის ფარგლებშიც უკვე 500 მილიონი ევრო დაგროვდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის ეკონომიური გამოყენების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რათა შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება ყველა საჯარო პირისთვის, აგრეთვე, შენობების კონდიცირებისას და გარე განათების გამოყენებისას.