დენის შმიგალი - უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაერო-ს რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთის უკანონო ფორმირებების გაყვანას, ასევე დევნილთა სტატუსს
უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაერო-ს რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთის უკანონო ფორმირებების გაყვანას, ასევე დევნილთა სტატუსს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარებას და დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობას.
იმედი გვაქვს, აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ.
ჩემი მხრივ, მინდა, დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ბატონ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებების დროს მე დავადასტურე, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას, ასევე საქართველოს ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.