დენის შმიგალი - უკრაინა არ დათანხმდება ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას
უკრაინა არ დათანხმდება ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში უკრიანის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
შმიგალის თქმით, კიევი მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირში „სრულუფლებიანი წევრობის სრულუფლებიანი კანდიდატი“.
შმიგალმა ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ დებატები აქტიურდება მომავალ თვეებში დაგეგმილი შეხვედრების სერიის წინ. საფრანგეთი და გერმანია ითხოვენ ევროკავშირის სრული წევრობის ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც წევრობის ოთხ სხვადასხვა წრეს ეფუძება. ეს, შესაძლოა, ეტაპობრივი ინტეგრაციის საფუძველი გახდეს, თუმცა შმიგალმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ უკრაინა არ დათანხმდება ინტეგრაციის შენელებულ ვარიანტს.
„ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამას ყველა უკრაინელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ ეს საბოლოოდ არის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამასთან, შმიგალმა განაცხადა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენ სრულად ვიქნებით მზად, გავხდეთ ევროკავშირის წევრი“.
„ჩვენ გვინდა, ვიყოთ სრულუფლებიანი წევრი, რადგან უკრაინა დღეს არის უნიკალური ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი დიდი ფასი გადაიხადა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისთვის. ევროკავშირის წევრობის არცერთ სხვა კანდიდატ ქვეყანას არასდროს ჰქონია მოსახლობის ასეთი მხარდაჭრა – 90%-ზე მეტი, რომელსაც სურს, მიისწრაფვის, გახდეს გაერთიანებული ევროპის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროკომისიის მიერ წარდგენილი შვიდივე რეკომენდაცია დააკმაყოფილა, რათა გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს.
„ჩვენ მზად ვართ. ველოდებით, რომ არაუგვანეს ოქტომბრისა, ჩვენ გვექნება ევროკომისიის მიერ ჩვენი პროგრესის დადებითი შეფასება და რომ ევროპული საბჭო შეძლებს, მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად“, – აღნიშნა შმიგალმა.