დენის შმიგალი - რუსეთისგან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული
დენის შმიგალი - რუსეთისგან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული

უკრაინასა და საქართველოს აერთიანებთ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები ხალხებს შორის, რომლებიც ერთობლივ ფასეულობებსა და ინტერესებს ემყარება,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მისცემთ, რომ პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე მოახდინონ ფოკუსირება.

დენის შმიგალის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი განიხილეს.

„მინდა, მივესალმო და მივულოცო ბატონ პრემერ-მინისტრს პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში და მადლობა გადავუხადო, რომ ის დამთანხმდა, მონაწილეობა მიიღოს „ყირიმის პლატფორმის“ საინაუგურაციო სამიტში. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგის, მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოვახდინოთ ფოკუსირება ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით.

დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი – უსაფრთხოების, საგარეო პოლტიკური შემადგენლობიდან დაწყებული, ვაჭრობისა და ეკონიმიკურ სფეროში თანამშრომლობით დამთავრებული.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის, აგრეთვე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტიური პოზიციისთვის. რუსეთის ფედერაციისგან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული იმ დროს, როდესაც უკრაინამ დააფუძნა წინააღმდეგობის ახალი ფორმატი – „ყირიმის პლატფორმა“. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ, რომ აუცილებელია, იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევები, რაც უკავშირდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მიმართულებაზე.

„ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა ავიდა ახალ ნიშნულზე და 2021 წლის 5 თვის განმავლობაში გაიზარდა 32 პროცენტით. იმედი მაქვს, ჩვენ მოვახდენთ მის განვითარებას, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, ქართულ-უკრაინული, ერთობლივი მთავრობათშორისო კომისიის ფარგლებში, საექსპერტო მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის მესამე სხდომა არის დაგეგმილი თბილისში ამ წლის სექტემბრის ბოლოს“, – აღნიშნა დენის შმიგალმა.