დენის შმიგალი - დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებითა და ფაქტებით.
მისივე თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობები, პირველ რიგში, ემყარება უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.
„მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან, საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს“, – განაცხადა შმიგალმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი გუშინ, გვიან ღამით ეწვია.
დენის შმიგალის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.