დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება ორი წლის განმავლობაში სურს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება ორი წლის განმავლობაში სურს. ამის შესახებ დენის შმიგალმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, შევუერთდეთ ევროკავშირს ორ წელიწადაში. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ წელს უკვე შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებისწინა მოლაპარაკებების გამართვას“, – განაცხადა შმიგალმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა კორუფციის საკითხზე, რაც, „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს.
შმიგალის თქმით, უკრაინის მთავრობა სერიოზულად უდგება კორუფციის თემას და ამის მაგალითად დაასახელა გასულ კვირას უკრაინის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები.
„სამწუხაროდ, კორუფცია გუშინ არ გაჩენილა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მის ამოძირკვას შევძლებთ“, – განაცხადა შმიგალმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას კორუფციული სკანდალების ფონზე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოთხი მინისტრის მოადგილე გაათავისუფლა თანამდებობიდან.