დენის შმიგალი აცხადებს, რომ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუბრუნდეს რუსეთის ფედერაციას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუბრუნდეს რუსეთის ფედერაციას.
„რუსული ფული უნდა გახდეს უკრაინის აღდგენის მნიშვნელოვანი რესურსი. ეს იქნება ლოგიკური, პატიოსანი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შმიგალმა.
შმიგალი ოთხ ნაბიჯზე საუბრობს, რომლებიც საჭიროა რუსული აქტივების მოზიდვისთვის უკრაინის აღსადგენად.
„პირველ რიგში, აუცილებელია, შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელიც დაადგენს დაზარალებულთა კომპენსაციის ოდენობას რეესტრის მონაცემებით; მეორე – ქვეყნებმა უნდა შეცვალონ კანონმდებლობა, რათა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ წარმართონ; მესამე – უნდა შეიქმნას საკომპენსაციო ფონდი, რომელშიც თანხები დაგროვდება; და ბოლო ნაბიჯი არის კონფისკაციისა და გადახდების პრაქტიკული განხორციელება უკრაინის აღდგენისთვის“, – განაცხადა შმიგალმა.