დენის მერსიე - ნატო სახელმწიფოთაშორისი მასშტაბური ომის რისკის ზრდას ხედავს
დენის მერსიე - ნატო სახელმწიფოთაშორისი მასშტაბური ომის რისკის ზრდას ხედავს

ნატო სახელმწიფოთაშორისი მასშტაბური ომის რისკის ზრდას ხედავს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა დენის მერსიემ ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში განაცხადა.

ამასთან, როგორც ნატო-ს ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთისა და ჩინეთის მზარდი სამხედრო პოტენციალი უახლოეს წლებში ალიანსის მთავარი გამოწვევა იქნება.

„ჩინეთისა და რუსეთის მზარდი სამხედრო პოტენციალი უახლოეს წლებში ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის გამოწვევა იქნება, ხოლო საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართულმა ნატო-ს ზომებმა შესაძლოა, გამოიწვიოს „ცივი ომის“ მსგავსი შეიარაღების ახალი შეჯიბრი“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ალიანსი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.


დოკუმენტში დასახელებულია 20 გლობალური ტენდენდია, რომელმაც 2015 წლის ბოლომდე შესაძლოა, ნატო-ზე გავლენა მოახდინოს, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარება, კლიმატის ცვლილება, უთანასწორობის ზრდა.


„ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოთაშორისი მასშტაბური კონფლიქტის წარმოქმნის რისკის ზრდას. ჩვენი გუნდი გაზაფხულზე გამოაქვეყნებს დამატებით ანგარიშს, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამ ტენდენციებზე“, – განაცხადა გენერალმა დენის მერსიემ.


ანგარიშში ნათქვამია ასევე, რომ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში თავდაცვის ხარჯებმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო ზრდა. როგორც მოსალოდნელია, ეს ტენდენცია 2045 წლამდე გაგრძელდება.