რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა. ფრონტზე რთული ვითარებაა და უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, ავდეევკიდან გასულიყვნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კონგრესში არსებული უთანხმოებაა, რაც აშშ-ის მიერ უკრაინის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას აფერხებს. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, დენილ ფრიდს.
მოგესალმებით, მადლობა, რომ გამოგვიყავით დრო ინტერვიუსთვის. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლისთავის გარშემო. ამ ომის დასრულებას ბევრი სხვადასხვაგვარად პროგნოზირებდა. როგორია თქვენი დღევანდელი მოსაზრება? როგორ დასრულდება ეს ომი?
– არ ვიცი, როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში, მაგრამ ფრიად დარწმუნებული ვარ, როგორ არ დასრულდება ეს ომი. ომი არ დასრულდება რუსეთის გამარჯვების აღლუმით ხრეშატიკზე, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. პუტინს ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. აშშ ამ მოსაზრებისკენ იხრებოდა. ბევრი ევროპელიც ასე ფიქრობდა, მაგრამ კიევი არ დაეცა. რუსეთის პირველი შეჭრა წარუმატებელი იყო, მათ მოუწიათ უკან დახევა უკრაინის ჩრდილოეთიდან. რუსებს კიდევ უფრო მეტად დაახევინეს უკან 2022 წელს. 2023 წელს უკრაინამ ვერ შეძლო წინსვლა, მაგრამ ეს რუსებმაც ვერ გააკეთეს. ასე რომ, უკრაინელებმა ორი წლის განმავლობაში რუსები წარმატებულად მოიგერიეს. მათი ქვეყნის ნაწილი დღეს ოკუპირებულია, მაგრამ უმეტესობა – არა. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, მისცემს თუ არა დასავლეთი და, კერძოდ, აშშ უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო რესურსს? ჩვენ ამას თუ გავაკეთებთ, მაშინ უკრაინა, შეიძლება, წელს გამაგრდეს და რუსებს სტრატეგიულად დაესხას თავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას, ხოლო გერმანელები „ტაურუსის“ რაკეტებს გადასცემენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ ვაშინგტონში ივლისისთვის დაგეგმილ ნატო-ს სამიტს მივუახლოვდებით, სამხედრო კუთხით ვითარება, შესაძლოა, უფრო სახარბიელო იყოს უკრაინისთვის, მაგრამ აუცილებელია, კონგრესმა იმოქმედოს. სწორედ ასე ვხედავ დღეს შექმნილ ვითარებას. უკრაინელების ომში უფრო მეტი სისხლია და ხანგრძლივია, ვიდრე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო, მაგრამ მათ აქვთ საერთოც – უკრაინელებმაც და ქართველებმაც დაიცვეს ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებმა შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა.
ბოლო ცნობები, რომლებიც უკრაინის ბრძოლის ველიდან მოდის, არც ისე გამამხნევებელია. როგორ ფიქრობთ, შეუძლია რუსეთს, რეალურად გარდატეხა შეიტანოს ვითარებაში, როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური კუთხით და რისი ნიშანი იქნება ეს დასავლეთისთვის?
– უკრაინელები საბრძოლო მასალის დიდ დეფიციტს განიცდიან. სწორედ ამიტომ მოუწიათ მათ ავდეევკიდან გასვლა. აშშ-ის კონგრესი ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელების მცირე ჯგუფის მიერაა დაბლოკილი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის მხარდაჭერას. ისინი იმყოფებიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გავლენის ქვეშ, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას. ეს კი, როგორც ჩანს, უკრაინელებს ძალიან რთულ ვითარებაში აგდებს. აშშ-მა უნდა იპოვოს გზა, რათა უკრაინისთვის საჭირო დამატებითი დაფინანსება ხელმისაწვდომი გახდეს. სხვაგვარად უკრაინა დარჩება თავდაცვით პოზიციაზე და რუსეთი გააგრძელებს წინსვლას.
როგორც ფიქრობთ, თუ აშშ-ის კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინის დასახმარებლად განსაზღვრულ პაკეტს, უკრაინა ბრძოლას შეაჩერებს?
– არ ვიცი. ამერიკელების დამატებითი ან განახლებული სამხედრო რესურსის გარეშე უკრაინელების მდგომარეობა გართულდება. ევროპელები გააკეთებენ, რაც მათ ხელეწიფებათ, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში აშშ-ის დახმარების ჩანაცვლებას ვერ მოახერხებენ. ეს უკრაინას რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს. აშშ თუ არ იმოქმედებს, ეს იქნება სტრატეგიული მარცხი პუტინისგან. აშშ-ის ინტერესებში პუტინის წარმატება ნამდვილად არ შედის, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა ახლა წააგავს 1930-იანი წლების პოლიტიკას, როდესაც ე.წ. იზოლაციონისტებმა, რომელთაგან ბევრი სიმპათიით იყო განწყობილი ჰიტლერის მიმართ, ხელი შეუშალეს აშშ-ის მხრიდან ბრიტანელებისა და ფრანგების მხარდაჭერას. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი.
ამავე დროს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც კი დასავლეთში რეალურად ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რომ პუტინი, შესაძლოა, უკრაინაზე არ გაჩერდეს. თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. მიიჩნევთ, რომ აშშ-ის მთავრობა დღეს საკმარისს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხზე რესპუბლიკელებს მოელაპარაკოს?
– თქვენ ორი კითხვა დასვით. პირველი – ვფიქრობ, რომ ევროპელები, მათ შორის დასავლეთ ევროპელებიც კი, უკვე ხვდებიან, რომ პუტინი არის სერიოზული აგრესორი. გერმანელები მიხვდნენ, რომ პოლონელები რუსეთთან დაკავშირებით არ ცდებოდნენ. ამერიკელების უმეტესობა ფიქრობს, რომ პუტინი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელთა ძალიან მცირე ჯგუფი, რომელთაგან ზოგიერთი, შესაძლოა, ნამდვილად სიმპათიით იყოს განწყობილი პუტინის მიმართ, ბლოკავს უკრაინის მხარდაჭერას. ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს, რათა იპოვოს გამოსავალი. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ, მაგრამ კონგრესის სპიკერი მაიკ ჯონსონი, როგორც ჩანს, ან სიმპათიით არის განწყობილი მემარჯვენე ფრთის ძალების მიმართ, ან მათ კონტროლს ექვემდებარება. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. იმედი მაქვს და ასე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გამოსავალი მოიძებნება, მაგრამ ამის გარანტიას ვერ ვიძლევი და ამას კმაყოფილებით და სიამაყით არ ვამბობ.
თქვენ მიერ ნახსენები რესპუბლიკელების ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ისინი არ უჭერენ მხარს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, ის არის, რომ აშშ ვერ აწარმოებს საკმარის შეიარაღებას. რას იტყოდით ამ არგუმენტზე?
– ეს გამართლება მეც მოვისმინე. მართალია, აშშ-ს სჭირდება თავდაცვითი მრეწველობის ბაზის გაძლიერება, თუმცა დასაკარგი დრო არ არის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. იმ დაფინანსების დიდი ნაწილი, რაზეც ვსაუბრობთ და რომელსაც მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები ბლოკავენ, სწორედ აშშ-ის სამხედრო მრეწველობის გასაფართოებლად დაიხარჯება. შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი ახდენენ იმ დაფინანსების ბლოკირებას, რომელიც მათ მიერ დასახელებულ პრობლემას გადაჭრიდა. მათი ეს პოზიცია დეტალური განხილვის დროს გაქარწყლდება.
დონალდ ტრამპის ბოლო ხმაურიან განცხადებებთან დაკავშირებით გკითხავთ, რომელიც მან ნატო-სთან დაკავშირებით გააკეთა. როგორ მიგაჩნიათ, მზად არის ნატო, დაიცვას მოკავშირეები რუსეთისგან? რამდენად მზადაა ევროპა, მარტო დარჩეს ამ ომში?
– ამ მომენტში ნატო-ს სრულად აქვს შესაძლებლობა, დაიცვას ყველა წევრი ქვეყანა. არსებობს ნატო-ს ძალები, რომლებმაც გააძლიერეს ალიანსის წევრი ქვეყნების ეროვნული არმიები, მათ შორის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის, ასევე რუმინეთის. რუსები თუ ეცდებიან ამ ქვეყნებში შეჭრას ან თავდასხმას, მაშინ ჩვენ მათ დავეხმარებით. ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყნები თუ არ დახარჯავენ თავდაცვაზე საკმარის თანხას, ის მათ არ დაიცავს და წააქეზებს პუტინს მათზე თავდასხმისკენ. ეს ამაზრზენი განცხადება იყო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს არ ეკადრება. შესაძლებელია, დონალდ ტრამპი ემზადება სამომავლოდ იმის სათქმელად, რომ ნატო-ს ქვეყნებზე, როგორიცაა გერმანია, ზეწოლას ახდენდა და ამ გზით ნატო გადაარჩინა. ახლა გერმანიამ უფრო მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე და ასეც იქცევიან, მაგრამ ამას იმის გამო არ აკეთებენ, რომ დონალდ ტრამპი უყვირის, არამედ იმიტომ, რომ აღიარებენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეს. გერმანიის მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდა დონალდ ტრამპს გამარჯვებულად თუ გამოიყვანს და ნატო-ს გადაარჩენს, მაშინ – კი ბატონო. ზოგჯერ პოლიტიკაში შენ უნდა დაეთანხმო არგუმენტს, რომელიც არ მოგწონს და მიუღებელია შენთვის, თუ ეს არგუმენტი იმ შედეგს გამოიღებს, რაც გჭირდება.
შემდეგი კითხვა ასევე ევროპაში არსებულ განწყობებს ეხება. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბაიდენი ხელმეორედ გაიმარჯვებს არჩევნებში, ძლიერი ტრანსატლანტიკური პოზიციის მქონე პრეზიდენტების ეპოქა მაინც დასასრულს უახლოვდება?
– ეს ძალიან ბევრჯერ მომისმენია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ მოსაზრებას ვეთანხმები. იდეა, რომლის მიხედვითაც, აშშ ევროპიდან აზიაზე უნდა გადაერთოს, უკვე 20 წელია, არსებობს. აშშ-ის პრეზიდენტები, ჯორჯ ბუშ უმცროსიდან დაწყებული, ფიქრობდნენ, რომ ევროპა ბებერია და მომავალი აზიაშია, მაგრამ მათ ისწავლეს, რომ აზიაში პრობლემებთან გასამკლავებლად ამერიკელებს გვჭირდება მტკიცე ურთიერთობები ევროპასთან. არჩევანის გაკეთება ევროპასა და აზიას შორის მცდარია. არჩევანი უფრო მეტად იმაშია, გვჯერა თუ არა ამერიკელებს თავისუფალი სამყაროს სიძლიერის, რომ თავისუფალი სამყაროს პირობებში მსოფლიოში პრობლემებთან გამკლავება უკეთესად შეიძლება. ჩვენ მარტივად თუ გვჯერა, რომ მეგობრების მიტოვება და მარტო მოქმედება უკეთესია, ჩემთვის უკეთესია, მყავდეს ევროპელი მოკავშირეები, ვიდრე მათ გარეშე ვიყო.
და ბოლო კითხვა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ბოლო კვლევა ამბობს, რომ ყოველი ათი ევროპელიდან მხოლოდ ერთს სჯერა, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ ომი საბოლოოდ რაიმე სახის კომპრომისთ დასრულდება. ხომ არ არსებობს იგივე განწყობა აშშ-შიც და რა სახის კომპრომისი შეიძლება იყოს ეს?
– ბაიდენის ადმინისტრაცია ომის დაწყების დღიდან ამბობდა, რომ უკრაინას ეხმარება, რათა შესაძლო მოლაპარაკებების მაგიდასთან კიევის პოზიცია გააძლიეროს. მათ არასდროს უარუყვიათ მოლაპარაკებების გზით გამოსავალი. თუმცა მხოლოდ ამის თქმა საკმარისი არ არის. ახლა პუტინი მოხარული იქნება მოლაპარაკებების გზით სიტუაციის დარეგულირებით, მაგრამ საკუთარი პირობებით. ის გახარებული იქნება უკრაინის დანებებაზე მოლაპარაკებების გამართვით. ასეთი მოლაპარაკება არავის ინტერესებში არ შედის, გარდა პუტინისა. მე წარმომიდგენია სხვაგვარი მოლაპარაკებები, რომლებიც გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნებოდა უკრაინისთვის და ნაკლებად – რუსეთისთვის. მე არ მინდა დეტალებში შესვლა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება, რომ მოლაპარაკებები შედგეს უკრაინის, და არა კრემლის, პირობებით.