დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ქმედებების გამო, ევროკავშირმა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ევროკავშირის საბჭომ ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ქმედებების გამო, ევროკავშირმა „შავ სიაში“ 11 ადამიანი შეიყვანა.
სიაში მოხვდნენ ეკონომიკის საკითხებში ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი ტარეკ ზაიდან ელ-აისამი მადი, ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი, ასევე რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი, კონტრდაზვერვის უფროსი და საარჩევნო კომისიის ვიცე-პრეზიდენტი. აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ, ასევე გაიყინება ევროპულ ქვეყნებში მათი აქტივები.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, მათი შედეგები კი – არასანდო, რადგან საარჩევნო პროცესი არ იყო უზრუნველყოფილი დემოკრატიული გარანტიებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირი ვენესუელის ხელისუფლებას, საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირის „შავ სიში“ სულ 18 ვენესუელელი მაღალჩინოსანია.