დემოკრატი კონგრესმენი რესტორანში, თეთრი სახლის პრესმდივნის მომსახურებაზე უარის თქმას დადებითად აფასებს
დემოკრატი კონგრესმენი მაქსინ უოტერსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოიკოტის ინიციატივით გამოვიდა. როგორც BBC წერს, უოტერსმა გასული კვირის ბოლოს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც ვირჯინიის შტატში, ერთ-ერთ რესტორანში, თეთრი სახლის პრესმდივანს, სარა სანდერსს მომსახურებაზე უარი უთხრეს, რისი მიზეზიც დონალდ ტრამპის პოლიტიკა გახდა.
დემოკრატი კონგრესმენის თქმით, ვირჯინიის შემთხვევა შესაძლოა, გახდეს მაგალითი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ.
„თუ დაინახავთ მინისტრთა კაბინეტიდან ვინმეს რესტორანში, სუპერმარკეტში, ავტოგასამართ სადგურში, გამოდით, უპასუხეთ. უთხარით, რომ მათი ნახვა არსად უხარიათ“, – განაცხადა უოტერსმა.
უოტერსის განცხადებას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და მას დაბალი ინტელექტის მქონე პირი უწოდა.
„ფრთხილად იყავი შენს საკუთარ სურვილებში, მაქს“, – დაწერა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც რესტორანი, რომელშიც სარა სანდერსი არ მიიღეს. პრეზიდენტმა დაწესებულების მეპატრონეებს ურჩია, ყურადღება ბინძური კარისა და ფანჯრების რეცხვაზე გაამხვილონ და უარი არ უთხრან მომსახურებაზე ისეთ შესანიშნავ ადამიანს, როგორიც სარა სანდერსია.
წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ნენსი პელოსიმ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. მან გააკრიტიკა როგორც მაქსინ უოტერსი მისი განცხადების გამო, ასევე დონალდ ტრამპი „ყოველდღიური უხეშობისთვის“.
აშშ-ის მთავრობის მისამართით მწვავე კრიტიკის მიზეზი მექსიკის საზღვარზე ოჯახების გაყოფის პოლიტიკა გახდა.