დემოკრატი გუბერნატორები დონალდ ტრამპს აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნის გამო აკრიტიკებენ
დემოკრატი გუბერნატორები დონალდ ტრამპს აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნის გამო აკრიტიკებენ

დემოკრატი გუბერნატორები დონალდ ტრამპს აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნის გამო აკრიტიკებენ.

ნევადას გუბერნატორმა, სტივ სისოლაკმა პრეზიდენტს „რასობრივი დაძაბულობისა და საზოგადოების დაყოფის მცდელობაში“ დასდო ბრალი. მისივე თქმით, ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება.

ვაშინგტონის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ კი, წერილობით მიმართვაში თქვა, რომ „პრეზიდენტს ქვეყნის მართვა არ შეუძლია“.

„ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბებულია ჩვენი კოლექტიური ხასიათით და დემოკრატიული იდეალებით და არა რეაქციონერული მოწოდებებით დაყოფისკენ და ამერიკელებისადმი საკუთარი არმიის გამოყენების მუქარით“, – წერს ვაშინგტონის გუბერნატორი.

კრიტიკული განცხადება გააკეთა ნიუ იორკის გუბერნატორმაც. ენდრიუ კუმომ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ტრამპი რეიტინგის ამაღლების გამო მზადაა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენოს.

„პრეზიდენტი იძახებს ამერიკელ ჯარისკაცებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ის შეიარაღებულ ძალებს იყენებს მშვიდობიანი აქციების ჩასახშობად იმისთვის, რომ შემდეგ ეკლესიასთან ფოტოსესია გამართოს. პრეზიდენტისთვის ეს მხოლოდ რეალითი შოუა“, – დაწერა ნიუ იორკის გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, ყველა ფედერალური რესურსის მობილიზება მოახდინოს, რათა აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს ძალადობა შეწყდეს.