„დემოკრატებმა“ თეთრი სახლისგან უკრაინასთან დაკავშირებული დოკუმენტები მოითხოვეს
„დემოკრატებმა“ თეთრი სახლისგან უკრაინასთან დაკავშირებული დოკუმენტები მოითხოვეს

„დემოკრატებმა“ თეთრი სახლისგან უკრაინასთან დაკავშირებული დოკუმენტები მოითხოვეს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, წარმომადგენელთა პალატის მოთხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უკავშირდება. „ბიბისის“ ცნობით, უკრაინასთან დაკავშირებული დოკუმენტები თეთრ სახლში კონგრესის სამი კომიტეტის წარმომადგენლებმა მოითხოვეს. მათ შორის არიან დაზვერვის, საგარეო ურთიერთობების და რეფორმების კომიტეტები. კანონის თანახმად, თეთრმა სახლმა მათ ყველა საჭირო დოკუმენტი 18 დეკემბრამდე უნდა გადასცეს.

ამერიკული მედია იუწყება, რომ თეთრი სახლის მხრიდან უარი, გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობა იქნება.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, 24 სექტემბერს კი წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა კონკურენტ, ჯო ბაიდენის დისკრედიტაციის მიზნით დახმარება საზღვრებს გარეთ, კერძოდ უკრაინაში ითხოვა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბარში მონაწილეობა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც მიიღო.

თავად ტრამპი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. წარმომადგენელთა პალატის მიერ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საქმე სენატს უნდა გადაეცეს. აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.