„დემოკრატები“ მზად არიან დონალდ ტრამპს ერთდროულად ორი ოფიციალური ბრალდება წაუყენონ
„დემოკრატები“ მზად არიან დონალდ ტრამპს ერთდროულად ორი ოფიციალური ბრალდება წაუყენონ.
როგორც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ნენსი პელოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თეთრი სახლის ლიდერს ოფიციალურ ბრალდებას 10 დეკემბერს წაუყენებენ. ელიოტ ენგელის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობა ეთანხმება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, „დემოკრატები“ დონალდ ტრამპს ბრალდებას ორი მუხლით წაუყენებენ. ესენია სამსახურეობრივი უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლა.
ამასთან ერთად, წარმომადგენელთა პალატის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებები კიდევ უფრო გაფართოვდეს, რადგან დონალდ ტრამპის ოპონენტებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, შევა თუ არა ბრალდებების სიაში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით უცხო სახელმწიფოებთან შეთქმულების მცდელობა.
9 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით კონგრესის იურიდიულ კომიტეტში მორიგი მოსმენა გაიმართა, რომელიც ცხრა საათი გაგრძელდა. მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს კომიტეტმა 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კანონდარღვევების შესახებაა. დონალდ ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს ანგარიში თეთრი სახლის ლიდერის ძალაუფლებისთვის ჩამოშორების საკმარისი მტკიცებულებაა.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება თანამდებობის ავტომატურ დატოვებას არ გულისხმობს. აშშ-ში იმპიჩმენტი სახელმწიფოს მეთაურისთვის ფორმალური ბრალდების წაყენებას ნიშნავს. ამ ბრალდებების დამტკიცებისთვის კი სენატის ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.
ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. სწორედ ამიტომ იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა ნაკლებად შესაძლებელია. ბოლო თვეებში „დემოკრატებმა“ არაერთხელ აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროცედურის საშუალებით სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დატოვებას არ ცდილობენ. არამედ მათი მიზანი ქვეყნის კონსტიტუციის გათვალისწინებით, ყველა შესაბამისი კანონის გამოყენებაა.