„დელტას“ ტერიტორიაზე ახალი ქართულ-ებრაული საწარმო ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს უწყებაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„მინდა, მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც M-4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას თავდაცვის ძალების ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.
„მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის 12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.