„დელტა“ კახეთის რეგიონში მოსულ სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კახეთის რეგიონში მოსულ სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„2 სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად, მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404 კმ2 შეადგინა (140400 ჰა) სულ დამუშავდა ათი სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.
აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, „დელტას“ მიერ დამატებითი ძალები იქნა მობილიზებული კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად. სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან, მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს“, – ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.