მაიამიში მამაკაცთა „მასტერსზე“ პირველი ნახევარფინალური წყვილი შედგა.
თავდაპირველად, კორტზე ამერიკელი ჯონ ისნერი და კორეელი ჰიეონ ჩუნგი გავიდნენ. ამერიკელი დომინირებდა საკუთარ გეიმებში: თავის პირველ მოწოდებაზე ისნერმა 32-დან 31 ქულა აიღო. შესაბამისად, ჩუნგმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკპიონტი გამოიმუშავა და ის ვერ გამოიყენა.
ისნერს საათი და რვა წუთის განმავლობაში 12 ეისი და შვიდიდან სამი რეალიზებული ბრეიკპოინტი ჰქონდა, რისი წყალობითაც ორ სეტში იოლად მოიგო – 6:1, 6:4.
ისნერის მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროსა და კანადელი მილოშ რაონიჩის შეხვედრაში ირკვეოდა. დელ პოტრო 14-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა ამ ნახევარფინალს და შეძლო ზედიზედ მე-15 მატჩის მოგება, ოღონდ, ამისთვის ორი საათი და 56 წუთი ბრძოლა დასჭირდა.
თანაბარ პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკპოინტი რაონიჩს ჰქონდა – მე-12 გეიმში მიიღო ეს შანსი და გამოიყენა – 7:5. მეორე პარტიაშიც ერთადერთი ბრეიკპოინტი კანადელმა გამოიმუშავა, მაგრამ ამჯერად დელ პორტომ საფრთხე მოიგერია და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც არგენტინელი 5:0 დაწინაურდა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტი ზედიზედ ოთხი ბრეიკით დაიწყო – რაონიჩი ორჯერ გავიდა წინ და არგენტინელმა ორივეჯერ შეასრულა უკუბრეიკი. კანადელს ზედიზედ მესამე ბრეიკიც შეეძლო, მაგრამ მეხუთე გეიმში ორი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა.
ამის შემდეგ, მატჩი ძველ კალაპოტში ჩადგა – ჩოგბურთელები ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს და მეორე ტაიბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო, რომელშიც ისევ უკეთ დელ პოტრო გამოიყურებოდა და საბოლოოდ, 5:7, 7:6(1), 7:6(3) მოიგო.