როჯერ ფედერერმა მაიამის „მასტერსი“ მოიგო
როჯერ ფედერერმა მაიამის „მასტერსი“ მოიგო

მაიამის „მასტერსის“ ტრიუმფატორი გახდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი. ლეგენდამ გადამწყვეტ მატჩში ძალიან იოლად დაამარცხა წინა წლის ჩემპიონი, ამერიკელი ჯონ ისნერი – 6:1, 6:4, 64 წუთის შემდეგ.

ფედერერმა იდეალურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – საკუთარ გეიმებში 35 გათამაშებიდან 32 მოიგო, აქედან 20-დან 20 ქულა აიღო პირველ მოწოდებაზე. როჯერმა ათიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ისნერი კი ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე.

როჯერ ფედერერისთვის ეს არის 101-ე ტიტული კარიერაში. მას კიდევ რვა მოგება სჭირდება იმისთვის, რომ აბსოლუტურ რეკორდსმენს ჯიმი კონორსს (109 ტიტული) დაეწიოს. შვეიცარიელმა „მასტერსის“ 28-ე ტიტული მოიგო და ამ მაჩვენებლით ჩამორჩება ესპანელ რაფაელ ნადალს (33 მოგებული „მასტერსი“) და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს (32).

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, ინდიან უელსის „მასტერსზე“ ფედერერმა ასევე ფინალმდე მიაღწია და იქ წააგო ავსტრიელ დომინიკ ტიმთან.