დეკანოზი შალვა კეკელია - ყველას გვაქვს გონება, უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს სარწმუნოებასთან და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება, ვის მივცეთ ხმა
დეკანოზი შალვა კეკელია - ყველას გვაქვს გონება, უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს სარწმუნოებასთან და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება, ვის მივცეთ ხმა

მეკითხებიან, არჩევნებზე ვის მივცეთ ხმა? ყველას გვაქვს ჩვენი გონება, უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს სარწმუნოებასთან, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

დეკანოზის თქმით, საქართველოს თუ რამე გადაარჩენს, გადაარჩენს ღმერთის სიყვარული, სხვანაირად ქვეყანას არაფერი ეშველება.

„არჩევნებთან დაკავშირებით, რას ვფიქრობ, ბევრი ადამიანი მეკითხება. მამაო, რა ვქნათ, ვის მივცეთ ხმა, როგორ მოვიქცეთ? ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, არიან სრულწლოვნები. ყველას გვაქვს ჩვენი გონება, აზრი და ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან, ერთან, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან და ადამიანმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეს ხმა.

მე პირადად ჩემს აზრს გეტყვით. მე მხოლოდ 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2012 წელს წავედი არჩევნებზე, რადგან მაშინ ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვეღარ ვეგუებოდით ამ სიბოროტეს, სიბნელეს – მკვლელობა, შევიწროება, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება. რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა, ბუნებრივია, ამის მიმართ პროტესტი მქონდა. წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან უნდა დამთავრებულიყო ეს საშინელება, რაც ხდებოდა. მე იმ დღის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან არ ჩამითვლია საჭიროდ, რომელიმე პარტიისთვის ხმა მიმეცა. ჩემი დამოკიდებულება ასე იყო, არცერთ პარტიას არ ვთვლიდი, რომ ხმა მიმეცა, თავს ვიკავებდი“, – აღნიშნა კეკელიამ.

დეკანოზის თქმით, წელს გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა.

„მივდივარ სამეგრელოში, რომ ხმა მივცე, რადგან დღესაც ზუსტად იგივე პროცესია, რაც 2012 წელს იყო. ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი დგება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ამ ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას. რაც დღეს ხდება, რა განცხადებებიც გვესმის უცხო ქვეყნებიდან, მსგავსი რამ არ ყოფილა მაშინ, როდესაც ტელევიზიები დაიხურა, ეკლესიის წინააღმდეგ ამდენი რამ ხდებოდა, იქ ეკლესია დაარბიეს, დაანგრიეს. უამრავი რამ მოხდა და მაშინ ხმა არავის ამოუღია, არცერთ საელჩოს, მაშინ არავის არაფერზე უსაუბრია. დღეს ვხედავთ, როგორი ზეწოლაა.

მე ვთვლი, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. მე მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს. არაეკლესიურ ადამიანებს არ ვესაუბრები. ვინც მე მეკითხება აზრს, იმათ ვესაუბრები, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია. მე ერთ რამეს გირჩევთ, თქვენ დააკვირდით ადამიანებს, პოლიტიკურ პარტიებს. პარტიები, სადაც მათი ლიდერები არიან პატრიარქის მაგინებლები, ეკლესიის მაგინებლები, მათთვის ოჯახის სიწმინდე არაფერს ნიშნავს, ლგბტ პროპაგანდა არაფერს ნიშნავს. ეკლესიურ ადამიანებს მოგმართავთ, უბრალოდ კითხვა მაქვს, როგორ უნდა მისცეთ იმ პარტიებს ხმა, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედა ეკლესიის მაგინებელი არიან და ეკლესია არაფერს წარმოადგენს? ბუნებრივია, შენ ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე. თან არჩევანი ისეთი რამ არის, ჩვენ, ყველანი, რა არჩევანსაც გავაკეთებთ, ამაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. შენ შენს არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ და ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ ყველას სწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ.

მინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს ღვთის, რადგან არ მინდა, ერმა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ღვთის წინააღმდეგ წავა. ჩვენი ერი დღემდე მოვიდა ქრისტეთი, მოვედით ღმერთის ერთგულებით და რამე თუ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, გადაარჩენს ქრისტეს ერთგულება და ღმერთის სიყვარული. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. მე არ გეტყვით, რომელ პარტიას მისცეთ ხმა, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ეს თქვენი არჩევანია. ერთ რამეს გეტყვით, რომ ყველამ თქვენს არჩევანზე პასუხი უნდა აგოთ აუცილებლად“, – განაცხადა შალვა კეკელიამ.