დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილმა მის უწმინდესობასთან დამაბარა, რომ შიმშილობას გააგრძელებს, პატრიარქის გაგზავნილი სეფისკვერი დაიტოვა, თუმცა წუხილი გამოთქვა, რომ ვერ მიირთმევს
მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
„გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, შეწყვიტოს შიმშილობა. მან აღნიშნა, რომ ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში რაიმე კორექტირებების შეტანას, ყოველ შემთხევაში ამ ეტაპზე, არ აპირებს“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
კითხვაზე, წინა მონახულებასთან შედარებით, როგორ შეაფასებდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი წონაში დაკლებულია.
„წინა ნახვასთან შედარებით, აშკარად შევამჩნიე, რომ ის წონაში მოკლებულია. სხვა განზომილებების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც მე არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში. ეს დრო, რაც შესული ვიყავი, ჩვენ ვისაუბრეთ და ყოველ შემთხვევაში, რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული შევამჩნიე იმის მხრივ, რომ მეტყველება უჭირს, ან აზრების ჩამოყალიბება, ეს ნამდვილად არ ეტყობა. ის ჩვეულებრივ საუბრობდა, ვსაუბრობდით გარკვეული დროის განმავლობაში“, – აღნიშნა დეკანოზმა.
კითხვაზე, როგორია საპატრიარქოს პოზიცია, ხომ არ უნდა გაუწიოს საპატრიარქომ რეკომენდაცია, თხოვნა გააჟღეროს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ, მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციას სცილდება.
„დიახ, მოვისმინე ეს და მეც ვურჩიე მას, იქნებ, შეწყვიტოს შიმშილობა. მაგრამ მას აქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რჩევებს კლინიკასთან დაკავშირებით, შენდობას ვითხოვ, ასეთი საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ. ეს ჩემი კომპეტენციის სფეროს სცილდება. მე მქონდა კონკრეტული მისია მოვსულიყავი საპატიმროში და მომენახულებინა, გადამეცა პატრიარქის მიერ გამოგზავნილი სეფისკვერი და მისი წერილი. სეფისკვერი დაიტოვა, თუმცაღა გამოთქვა წუხილი, რადგანაც არ მიირთმევს, შეინახავს მას, ასეთი პასუხი გამცა“, – განაცხადა დეკანოზმა.
მე მქონდა კონკრეტული მისია მოვსულიყავი საპატიმროში და მომენახულებინა, გადამეცა პატრიარქის მიერ გამოგზავნილი სეფისკვერი და მისი წერილი. სეფისკვერი დაიტოვა, თუმცაღა გამოთქვა წუხული, რომ რადგანაც არ მიირთმევს,შეინახავს მას, ასეთი პასუხი გამცა.