დეკანოზი დავით ისაკაძე - საეჭვო ხასიათის არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ჩაერიონ იმ დიდ საგანძურში, რომელსაც ქართული ოჯახი ჰქვია
საეჭვო ხასიათის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მით უფრო, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთული გრანტებით, არ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ ჩაერიონ იმ დიდ საგანძურში, რომელსაც ქართული ოჯახი და მისი ტრადიცია ჰქვია, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ისაკაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც დავით ისაკაძემ განაცხადა, მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ერთ-ერთი დიდი და გადაუჭრელი პრობლემაა.
„შეიძლება საუკეთესო ინტერესი მოზარდისთვის, 15-16 წლის ბავშვისთვის იყოს მარიხუანას მოხმარება. როგორ ვაპირებთ ჩვენ ამ საკითხის მოწესრიგებას ამ კოდექსის საფუძველზე?“ – მიმართა დეკანოზმა დეპუტატებს.
მისივე თქმით, ტელევიზიით კაზინოების, ტოტალიზატორების, ონლაინ თამაშების რეკლამის ნიაღვარი მოედინება და ეს საკითხი დასარეგულირებელია.
„რეკლამები არის სპორტული და საინფორმაციო ხასიათის გადაცემების დროს, სპორტს ასევე უყურებენ მოზარდებიც, ბავშვებიც და ასევე საინფორმაციო ხასიათის გადაცემებსაც უსმენენ. ეს უნდა იყოს დარეგულირებული. მშობლის პრიორიტეტული ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, საეჭვო ხასიათის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მით უფრო, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთული გრანტებით, არ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ ჩაერიონ ამ დიდ საგანძურში, რომელსაც ქართული ოჯახი და მისი ტრადიცია ჰქვია. თუ ისინი იქნებიან ჩარეული არასწორად, არა აქვთ მათ ამის უფლება, რომ ჩემს ოჯახში და პრინციპებში, მშობლისა და შვილის დამოკიდებულებაში ისინი განსაზღვრავდნენ რაღაც მორალს, ზნეობას და დამოკიდებულებას“, – განაცხადა დავით ისაკაძემ.