დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული პარტია, ციხე და პატიმრობა, ნიკა გვარამიამ ამოიკითხა მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი, ბოროტება ვახსენეთ და მან პარალელი სააკაშვილთან გაავლო
გუშინდელი გადაცემით, ნიკა გვარამიამ ის ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს, პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას, ჩვენ ვნახეთ იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მეუფე შიოს საკვირაო ქადაგებას ეხება.
„ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც ციხე და არც პატიმრობა, რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი?! ბოროტება ვახსენეთ და მან პარალელი სააკაშვილთან გაავლო. თუკი ისინი ეყრდნობიან იმ კრებსებს, რომელთა მოხმობაც გადაცემაში ძალიან უსუსურად სცადეს, ეკლესიის შეთქმულება ძალიან კარგად იხატება იქ.ეს არის გოჩა ბარნოვის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემებს „მთავარ არხზე“, „TV პირველსა“ და „ფორმულაზე“. ეს არის ეკლესიასთან ბრძოლის ერთობლივი პროექტი. გადაცემაში, გოჩა სწორედ საუბრობდა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, საპატრიარქოზე შტურმსა და მღვდელმთავრების დაპატიმრებაზე.
გუშინ გადაცემაში მიწვეული ახალგაზრდა კაცი ამ ადამიანებმა მიიყვანეს იქამდე, რომ თვითონვე ეძახიან თინეიჯერ ბინ ლადენს. მე გულით მეცოდება ადამიანი, რომელსაც ამ მდგომარეობამდე მიიყვან. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხელისუფლების ცვლილებას უკავშირებს პირდაპირ ტერორს, ეს არის დაანონსებული ტერორი, ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო ნიკა გვარამიას ძალიან დიდი შეცდომა თავისივე მომხრეების წინაშე და ვფიქრობ, რომ პარალელი კარგად გაივლება იმ კრებსებში, რომელსაც ესენი მოიხმობენ ხოლმე ძალიან ხშირად. სწორედ საპატრიარქოს შტურმზე და მღვდელმთავრების დაპატიმრებაზე საუბრობს იქ თავის მოაზრეებთან ერთად გოჩა ბარნოვი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა: „სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“.