დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თარიღებზე, დღეებზე საუბარი არის მორიგი ფანტაზია და ტყუილი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 14 ოქტომბერს გეგმავდა გადადგომას.
„ვნახე სიუჟეტი, ტყუილებით სავსე სიუჟეტი იყო. შარშან ვთქვი ამის შესახებ, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომის შესახებ, მაგრამ არანაირი თარიღები, დღესთან დაკავშირებით ვადები და ის, რაც გუშინ „მთავარი არხის“ სიუჟეტში მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია და ტყუილი, ტყუილი,ტყუილი“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
რაც შეეხება კითხვას, რატომ აპირებდა პატრიარქი გადადგომას, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, გადაწყვეტილება შესაძლოა, ყოფილიყო პატრიარქის ასაკიდან ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
„ალბათ, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასაკიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით.
მაშინ, სიუჟეტში ვთქვი, რომ მღვდელმთავრები არიან ზოგადად წინააღმდეგი. მღვდელმთავრები პატრიარქისადმი მამა-შვილური გრძნობით არიან. ამიტომ, განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება“, – განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, საპატრიარქოში პატრიარქის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„დღის წესრიგში არც დამდგარა არასოდეს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, დღეს აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს არც თავად პატრიარქი.
რაც შეეხება პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი გადაწყვეტს გადადგომას, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საკითხი სინოდმა უნდა განიხილოს.
„პატრიარქი თუ გადაწყვეტს გადადგომას, ეს მან სინოდზე უნდა თქვას და სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არ მიიღებს მის განაცხადს“, – აცხადებს დეკანოზი.