დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მივმართავთ ყველას,  ვისაც აგრესიული განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისგან
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მივმართავთ ყველას, ვისაც აგრესიული განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისგან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიმართავს ყველას, ვისაც აგრესიული განწყობები აქვს, თავი შეიკავოს 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისგან.

ამასთან, ის მიმართავს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიისა და პროვოკაციის გამოვლინება, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი.

„ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საეკლესიო დღესასწაულისთვის სრულიად შეუფერებელი რიტორიკა ისმოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ, ჩვენ გვინდა, რომ დღესასწაულად იქცეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დღე.

ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამდაგვარი განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისგან. მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიისა და პროვოკაციის გამოვლინება, ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქო 17 მაისის განრიგს ავრცელებს – 10:00 დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები); 11:30 მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან; 12:00 დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან; 12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები; 13:00 ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.