დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერები ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან აქციას მართავენ
„მეუფეო შეწყვიტე დუმილი“, „ნუ დაუტოვებ ყორნებს საჯიჯგნად თქვენს მღვდელს“, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მივიდნენ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან. აქციის მონაწილეები მეუფისგან დუმილის დარღვევას ითხოვენ.
„ეპარქიის მმართველს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ უკანონოდ ზის დეკანოზი ციხეში. მან ჩემზე უკეთესად იცის და ნაწილობრივ კიდეც დაადასტურა, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, თუმცა წელიწადნახევარი გავიდა და ეპარქიას ხმა არ ამოუღია მღვდლის დასაცავად. მეუფე იაკობი ამბიონიდან ილანძღება. ეს ყველაფერი მიმართულია ეპარქიის წინააღმდეგ, მაგრამ ეპარქია დუმს. მეუფემ მინიმუმ საწინააღმდეგო განცხადება უნდა გააკეთოს“, – განაცხადა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.
დეკანოზის ძმა ამბობს, რომ მეუფე დიმიტრიმ ზუსტად იცის, რატომ ზის გიორგი მამალაძე ციხეში. მისი თქმით, თუ მიტროპოლიტი დიმიტრი დუმილს არ დაარღვევს, აქციები გაგრძელდება.