როგორც მოსალოდნელი იყო, დეივესონ ფიგუეირედო და ბრენდონ მორენო ოქტაგონზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან. ESPN-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაპირისპირება 12 ივნისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (flyweight) ბრაზილიელმა ჩემპიონმა მორენოს წინააღმდეგ ტიტული 2020 წლის დეკემბერში UFC 256-ის ფარგლებში დაიცვა. შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა ლას ვეგასში წლის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა იხილეს, რომელიც საბოლოოდ ფრედ დასრულდა. წესების თანახმად, ამ შემთხვევაში ქამარი ჩემპიონს რჩება.
„ომის ღმერთმა“ მორენოსთან ტიტულის დაცვამდე, ალექს პერესი ეფექტური მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. რაც შეეხება მორენოს, მექსიკელი ბოლო ხუთ ბრძოლაში დაუმარცხებელია.