დეიმონ ვილსონი - ვმუშაობთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას
დეიმონ ვილსონი - ვმუშაობთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას

ატლანტიკური საბჭო ნატო-ს მორიგი სამიტისთვის საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს. როგორც ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი აცხადებს, დოკუმენტის ერთი ნაწილი საქართველოში თებერვლის ბოლოს, ნაწილი კი მაისისთვის გამოიგზავნება. ამ თემაზე ვილსონმა ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ატლანტიკურ საბჭოში ვმუშაობთ საქართველოს შესახებ ანგარიშზე, რომელიც მზადდება იმისთვის, რომ ზაფხულში, ნატო-ს სამიტამდე შექმნას განწყობა და წარმოდგენა. ანგარიშის ნაწილი საქართველოში მიმდინარე თვის ბოლოსთვის, ნაწილი კი მაისში დაახლოებით, დამოუკიდებლობის დღისთვის გამოიგზავნება.

ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას. აღსანიშნავია, რომ ვხედავთ ძლიერ პროგრესს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენი გუნდი ატლანტიკურ საბჭოში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ვაშინგტონში დაარწმუნოს მეგობრების – საქართველოსა და უკრაინის დახმარების აუცილებლობაში, მათ შორის, თავდაცვითი შეიარაღების კუთხით“, – განაცხადა დეიმონ ვილსონმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე გააკეთა აქცენტი და განცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ნატო-ში გაწევრიანების, ისე ზოგადად, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

„გასულ წელს არსებობდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა, სხვანაირი მიდგომა ჰქონოდა რუსეთთან და ამას საქართველოსთვის ერთგვარი გაურკვევლობა მოეტანა.

თუმცა, ვფიქრობ, ვაშინგტონის პოზიცია ძალზედ მკაფიოა პუტინისა და კრემლიდან წამოსულ გამოწვევებთან დაკავშირებით, გამოწვევებთან, რომლის წინაშეც რუსეთი აყენებს მეზობელ სახელმწიფოებს – მათ შორის, საქართველოს. ნათელია, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის მხარდაჭერა არ შემცირებულა და პირიქით, უფრო მტკიცდება“, – აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნულ თემებზე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. შეხვედრა საათზე ერთ საათს გაგრძელდა.