„დეილი სიგნალი“ - საქართველო აშშ-ის გამოცდილი მოკავშირეა საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში
„დეილი სიგნალი“ - საქართველო აშშ-ის გამოცდილი მოკავშირეა საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში

საქართველო წარმოადგენს ამერიკის გამოცდილ მოკავშირეს საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში, – ამ სათაურით სტატიას „დეილი სიგნალი“ აქვეყნებს.

როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, საქართველო ბევრ კრიტიკულ გლობალურ საკითხში აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ეს პატარა, მაგრამ სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყანა რუსეთის ექსპანსიონიზმის შეკავების ფრონტის წინა ხაზზეა. საქართველომ, აშშ-ის ძალისხმევის მხარდასაჭერად, ერაყსა და ავღანეთში ათასობით მებრძოლი გააგზავნა. დღეს კი ქვეყანა აშშ-ის პარტნიორია „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ამ პარტნიორობაში მთავარ როლს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი თამაშობს.

„აშშ-ის მიერ დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორია საქართველოს დედაქალაქის გარეუბანში მდებარეობს და მისი მიზანი რეგიონში დაავადებათა გავრცელების შეკავება და საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური ომის პროგრამიდან შემორჩენილ მომაკვდინებელ პათოგენებთან ბრძოლაა. 2013 წელს დაარსებული ლაბორატორია კორონავირუსთან ბრძოლაში გადამწყვეტი რესუსია. აქ 24 საათზე ნაკლებ დროში ასობით ნიმუშის ტესტს ატარებენ/რეგიონისთვის უნიკალური უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსის კვლევაში საერთაშორისო ასპარეზზეც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც „დეილი სიგნალი“ წერს, ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა საქართველოს მოსახლეობას.

„როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 2019 წელს აღნიშნა, „მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა… საქართველომ გამოამჟღავნა სიმტკიცე და იქცა სანიმუშო ქვეყანად საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით“. როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ახლახან აღნიშნა, კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ გადადგა პროაქტიური ნაბიჯები „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეკავებისკენ და მისი გავლენის მინიმიზაციისკენ. 7 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის შედეგად მხოლოდ ერთი გარდაცვალება. ისევე, როგორც წარსულში, კრიზისებისა და გამოწვევების შემთხვევაში, საქართველომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებშიც დაადასტურა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მოკავშირეს წარმოადგენს“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყნის მიერ ეკონომიკის სფეროში გატარებულ რეფორმებს.

„ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციისა და უფრო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით. 1996 წლიდან მოყოლებული, როდესაც „ჰერითიჯის ფონდმა“ (Heritage Foundation) პირველად ჩართო საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, ქვეყნის ეკონომიკამ „რეპრესირებული“ კატეგორიიდან გადაინაცვლა „ძირითადად თავისუფალ“ კატეგორიაში. ამ ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბევრად აღემატება რეგიონისა თუ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს, ხოლო ბაზრების გახსნის, რეგულაციების შემცირებისა და გადასახადების გამარტივების მიზნით გატარებულმა მრავალმხრივმა რეფორმებმა შედეგად მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება-განახლება. წელს, მაგალითად, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ჩაანაცვლა, როგორც მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-12 ადგილზე მყოფი ქვეყანა. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობისთვის, თუკი გავითვალისწინებთ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებს (მათ შორის, ჯერჯერობით შეჩერებული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაზე), ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებას და თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატო-ს ფარგლებში. ამერიკის ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, მტკიცეა და ძალიან სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 2017 წლის აგვისტოში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს განაცხადა, „ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირები ყველაზე უკეთ არის გამოხატული ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების საკვანძო სტრატეგიული პარტნიორი“. მართლაც, საქართველომ დაამტკიცა, რომ იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მეტ ჩართულობას და უფრო ძლიერ მოკავშირეობას“, – ნათქვამია სტატიაში.