„დეილი მეილის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შესაძლოა, უკრაინელი ლტოლვილების მიმღებ ოჯახებს ყოველთვიური დახმარების პროგრამა შეუმციროს
„დეილი მეილის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შესაძლოა, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძელი ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარების პროგრამა შეამციროს.
როგორც ბრიტანული ტაბლოიდი „დეილი მეილი“ საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და ხაზინის კანცლერი ჯერემი ჰანტი უახლოეს ხანში შეეცდებიან, აღმოფხვრან ქვეყნის ბიუჯეტში არსებული დანაკლისი, რის გამოც უკრაინელი ლტოლვილების მასპინძელი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა შეიძლება, შეკვეცონ.
ამ პროგრამის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში ჩასული უკრაინელი ლტოლვილების სახლებში მასპინძლობისთვის ბრიტანეთის თითოეული ოჯახი თვეში 350 გირვანქა სტერლინგის ოდენობით დახმარებას იღებდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში 102 000 უკრაინელი ჩავიდა.
როგორც ბრიტანულ ტაბლოიდთან საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, პროგრამის გაუქმება ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და ბიუჯეტთან დაკავშირებით განხილვა გრძელდება.
პარალელურად „დეილი მეილი“ წერს „იუნისეფის“ გაფრთხილების შესახებ, რომ ორგანიზაცია ზამთრის პერიოდში უკრაინიდან დამატებით 800 000 ლტოლვილის გამგზავრებას პროგნოზირებს.