Defence News - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არაბული ნატო-ს შექმნას აპირებს
Defence News - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არაბული ნატო-ს შექმნას აპირებს

ვაშინგტონი „არაბული ნატო-ს“ ფორმირებაზე მუშაობს, ამის შესახებ Defence News-ი იუწყება. გამოცემა წერს, რომ  დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახალი თავდაცვითი ალიანსის შექმნას აპირებს, რომელშიც საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული სააიმიროები, ქუვეითი, ყატარი, ომანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და იორდანია გაერთიანდებიან.

როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, ახალი ალიანსის მთავარი მიზანი ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის გარდა, ირანის აგრესიის შეკავება იქნება.

ოფიციალურად, ახალი ალიანსის ფორმირების შესახებ განცხადება სავარაუდოდ, 12-13 ოქტომბერს ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე გაკეთდება, რომელსაც სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მეთაურები დაესწრებიან.

როგორც Defence News-ი წერს, „არაბული ნატო-ს“ ფორმირების იდეა ჯერ კიდევ 2011 წელს გაჩნდა, თუმცა საბოლოოდ ვერ განხორციელდა.

ობამასგან განსხვავებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას უჭერდა მხარს, ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტ ინტერესს იჩენს ამ რეგიონის მიმართ. აშშ-ისა და ირანის დაძაბული ურთიერთობების ფონზე კი, „არაბული ნატო-ს“ შექმნის იდეა კვლავ გააქტიურდა.