დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში ფერმერებმა აქცია გამართეს
დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში ფერმერებმა აქცია გამართეს

მათი თქმით, ერთი კილოგრამი ხორბლის ფასი წელს 40-45 თეთრია და თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ფერმერები აღნიშნულ ფაქტს საქართველოში დიდი რაოდენობით იმპორტირებული და იაფი მარცვლეულის, ფქვილის შემოტანით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ ფასის დაცემასთან ერთად, შიდა ბაზარზე ქართულ ხორბალზე მოთხოვნა შემცირდა.

ფერმერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქვეყანაში პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების ხორბალი და მისი რეალიზაცია იყოს. ისინი ითხოვენ, ხელისუფლებამ იმპორტულ ფქვილზე გადასახადი დააწესოს.

„ერთ კილოგრამი ხორბლის მოყვანა 80 თეთრამდე გვიჯდება. იბარებენ 40 თეთრად, თუ ჩვენვე მივუტანთ. ეს არის ხალხის დაცინვა. თან გვეუბნებიან, თითქოს ჩვენი ხორბალი დაბალი ხარისხის არის, რაც სიმართლეს არ შესაბამება. ჩვენ უკან ოჯახებია. მოსავლის მოსაყვანად კრედიტი რომ აგვეღო, სახლები ბანკში გვაქვს ჩადებული. სხვა შემოსავალი არ გაგვაჩნია და ვალს ვერ გადავიხდით. ხელისუფლება იმპორტირებულ მარცვლეულზე თუ გარკვეულ გადასახადს არ დააწესებს, შირაქის ველზე წელს ხორბალი აღარ დაითესება“, – განაცხადა ერთ-ერთმა ფერმერმა.

ამასთან, მათივე თქმით, ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ფერემერებისთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა, რის გამოც, ასობით ოჯახი შესაძლოა, შემოსავლის გარეშე დარჩეს.