დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს
დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს

დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა შირაქის ველზე საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოებს ვერ ასრულებს. ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობა „საქართველოს ბანკის“ მიერ დაქირავებული დაცვის კომპანიის 50 წარმომადგენლის შირაქში მობილიზებას აპროტესტებს.

მოსახლეობის თქმით, 3600 ჰექტარი მიწა „ნაციონალურმა მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კომპანია „ჯეო-აგროს“ მათგან მალულად მიყიდეს. მაგრამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ჯეო -აგროსთან“ ხელშეკრულებით ადგილობრივებს მიწის დამუშავების შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც „საქართველოს ბანკიდან“ აღებული კრედიტი „ჯეო-აგრომ“ ვერ გადაიხადა, მიწა ბანკის საკუთრება გახდა.

ბანკსა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება რამდენჯერმე შედგა, თუმცა თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ საზღვრისპირა რეგიონში მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა და ორასზე მეტი ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება.

აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლებაც იმყოფება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობას პრობლემის კანონის ფარგლებში გადწყვეტისკენ მოუწოდებს.

მოსახლეობა ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასა და დაცვის პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება ორი კვირის წინაც მოხდა.