დედაქალაქში ტურისტების გადაყვანის ნორმების დარღვევაზე ჯარიმები წესდება
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტურისტების გადაყვანის ნორმების დარღვევაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მიერ დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება.
ამასთან, პროექტით, სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან
იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად, ან დედაქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა გამოიწვევს 100 ლარიან ჯარიმას.
ცვლილებების ავტორები უმრავლესობის წევრები – გოგა გულორდავა და ზაზა გაბუნია არიან.