დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, თბილისის მერია დედაქალაქში თანამედროვე სატრანსპორტო პოლიტიკას წარმატებით ნერგავს, რაც პირველ რიგში ორიენტირებულია ქვეითებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ინდივიდუალურ ავტომობილებზე.
დეპუტატის განმარტებით, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტორტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას; ასევე, მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსე ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები; გაუქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი კი, სტანდარტული წესით გაეგზავნება და მოქალაქეს სმს შეტყობინება მიუვა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დავითულიანის ცნობით, ავტომობილის-ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება, ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება, სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, 50 ლარის ნაცვლად.
პროექტით, მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით.
„ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10 დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება. აღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ველოსიპედებითა და ელექტროტრანსორტით მოსარგებლე მოქალაქეების უფლებების დაცვის მეტი გარანტიის უზრუნველყოფას, რაც პირდაპირპროპორციულ გავლენას მოახდენს მთლიანად სატრანსპორტო პოლიტიკის ფუნქციონირებაზე. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი რგოლია რეფორმების იმ ჯაჭვში, რომელიც ჩვენს დედაქალაქში თანამედროვე, ევროპული ტიპის, მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემის ფორმირებას ემსახურება“, – განაცხადა დავითულიანმა.