დედაქალაქში პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების შემოსავლის მიღების მიზნით გამოყენება დასჯადი გახდება
დედაქალაქში პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების შემოსავლის მიღების მიზნით გამოყენება დასჯადი გახდება

დედაქალაქის ტერიტორიაზე, პარკირების ადგილზე, პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება საქმიანობისთვის, რომელიც ხორციელდება შემოსავლის მიღების მიზნით, დაჯარიმებას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა – 100 ლარი იქნება.

ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს ერთი საათის, აღნიშნული საქმიანობა შეწყვიტოს.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იმავე ან დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სხვა პარკირების ადგილას მოხდება, ცვლილებებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით.

ინიციატორები განმარტავენ, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის, პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებისთვის დაჯარიმებას არ ითვალისწინებს.