დედაქალაქისთვის 90 ახალი ავტობუსი უკვე შეძენილია, 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება
დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, 90 ახალი ავტობუსი უკვე შეძენილია, ხოლო თვის ბოლომდე 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი გამოცხადდება.
როგორც მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე 200-მდე ავტობუსია დასამატებელი, რადგან მომსახურება იყოს მოთხოვნების შესაბამისი.
„რეალურად ჩვენ რაც გვყავს მიკროავტობუსები და ავტობუსები, პიკის საათებში, არ არის საკმარისი. ერთი მიზეზია, რომ თავის დროზე მოხდა 200-მდე ავტობუსის ქსელიდან ამოღება, რის გამოც ხაზები დაიჩეხა. დღეს დედაქალაქში 530 ავტობუსი მუშაობს. 35-მდე ხაზი კი, აღსადგენია, ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს. უბნები, რომელსაც მუნიციპალური ავტობუსები არ ემსახურება, კვლევის შედეგად ფრანგული კომპანია გამოავლენს და გამოკითხვების შედეგად, დავიწყებთ სწრაფად ამ ხაზების აღდგენას. ჩვენ საშუალებას მივცემთ მოსახლეობას იქ, სადაც მიკროავტობუსი მოძრაობს და ავტობუსი არა, ავტობუსმაც იმოძრაოს. ვგეგმავთ, რომ მთლიანად 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსი აღარ იყოს დედაქალაქში და ხაზები დალაგდეს იმდაგვარად, რომ სწრაფი გადაადგილების საშუალება შეიქმნას”, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მუმლაძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის მათი მოძრაობის შეზღუდვა საავტობუსო ზოლზე არ იგეგმება, ვინაიდან, ავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი.
„მიკროავტობუსებს ამ ეტაპზე არ ვზღუდავთ და არ შევზღუდავთ, რომ ავტობუსის ზოლშიც იარონ ვინაიდან ავტობუსების საკმარისი რაოდენობა არ არის. ავტობუსების საკმარისი რაოდენობის შემდეგ, ამას გადავხედავთ. 2019 წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება გამოკვეთილი გრძელი ავტობუსის ხაზები, მომავალი წლის მეორე კვარტლის ბოლომდე კი, კომპანია „სისტრამ“ უნდა წარმოადგინოს კვლევა, სადაც ავტობუსის დერეფნები იქნება წარმოდგენილი და ჩვენ ამით შევქმნით „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე გადაადგილების სწრაფ საშუალებას”, – განაცხადა მუმლაძემ.