დედაქალაქის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ამის მიზეზი სხდომაზე გარემოს დაცვის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ერეკლე კუხიანიძის დასწრება იყო, რაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გააპროტესტა. მან კუხიანიძის მიერ სხდომის დატოვება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
ლევან ხაბეიშვილის მიერ უმრავლესობის წევრებისადმი მიმართვის ფორმამ გიორგი დოხტურიშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ისინი არც ერთი იმ კომისიის და სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ უმრავლესობას, რომელსაც ერეკლე კუხიანიძე დაესწრება.
„სამწუხარო რეალობაა, კაცი, რომელმაც თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა ვაღიაროთო, ოკუპანტს ოკუპანტი არ უნდა დავუძახოთო, ჩვენს ტყვე მოქალაქეს წიხლი მიაყოლა და შეაგინა. ეს კაცი ახლა კომფორტულად, თბილად მობრძანდება და გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მუშაობას ისევ აგრძელებს. ყველაზე ცუდი ამ ამბავში ისაა, რომ მთელი „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარიდან დაწყებული, დეპუტატებით გაგრძელებული ამ ადამიანს არიან გადაფარებული. ნაცვლად იმისა, რომ პროტესტის ნიშნად გარემოს დაცვის კომისია გადაგვედო ან ამ კაცისთვის მოეწოდებინათ, რომ სხდომა და მანდატი დაეტოვებინა, ისინი მზად არიან ბატონი კუხიანიძე ფიზიკურად დაიცვან.
ერთი ძალიან კარგი დეტალია დედაქალაქის საკრებულოში და მნიშვნელოვანია, რომ აღვწეროთ. გიორგი დოხტურიშვილი მედროვეობის კლასიკური მაგალითია. ის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი 2012 წლის არჩევნების დროს. მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ პლაკატს ხელიდან ვერ გააგდებინებდით ამ ბიჭს 5 ნომრისას და დღეს ის „ქართული ოცნების“ ზონდერი და მინი გავრილოვის, კუხიანიძის დამცველია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ფიზიკურ დაპირისპირებას არ იწონებს თავად გიორგი დოხტურიშვილი, თუმცა ამბობს, რომ ხაბეიშვილი უმრავლესობის წევრების შეურაცხყოფის ყოველი მცდელობისას საკადრის პასუხს მიიღებს.
„ლევან ხაბეიშვილი დღეს ცდილობდა სხდომის ჩაშლას. მოთხოვნად ჰქონდა, ერეკლე კუხიანიძეს დაეტოვებინა კომისიის სხდომა. რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძესა და ხაბეიშვილის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები მათ შეუძლიათ გაარკვიონ სხვა ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ მიმდინარეობს სხდომა. ერეკლე კუხიანიძეზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის დღეს ჩვენ რიგებში აღარ არის. რაც შეეხება ამ ინციდენტს, ლევან ხაბეიშვილს არ მიეცემა სხდომების ჩაშლის, ჩემი თანაგუნდელების შეურაცხყოფის საშუალება. რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს. ფიზიკურ დაპირისპირებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მისასალმებელი არ არის, თუმცა თუ ადამიანი არ დაგიტოვებს საშუალებას იმისას, რომ შენი სიტყვიერი პასუხით დაკმაყოფილდეს, რა თქმა უნდა, მიიღებს საკადრის პასუხს“, – განაცხადა დოხტურიშვილმა.