დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
კახა კალაძემ შოვში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო შოვში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მათ ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დღეს გლოვის დღეა და, მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას. ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება გვმართებს. არ ვიცი, ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც, მაგალითად, ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად და გადასარჩენად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებშია ჩართული. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, გვერდით დაუდგნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ჯარისკაცებს, მოხალისეებს, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, სამედიცინო ბრიგადებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, თითოეულ თანამშრომელს იმ არნახული ძალისხმევისთვის, რასაც ეწევიან სტიქიის ზონაში. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და თბილისის მერიის მზაობა, გვერდით დავუდგეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, იქნება ეს ტექნიკით თუ ადამიანების ჩართულობით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.