ევროპის საბჭოს დახმარებით, თბილისის მერიამ სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დააფუძნა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, პირველი შეხვედრა 14 დეკემბერს გაიმართება.
„თბილისის მერია დიდ ყურადღებას უთმობს ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას – იქნება ეს ახლის მშენებლობა თუ არსებულის რეაბილიტაცია. ევროპის საბჭოს დახმარებით, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი. ამ მიმართულების ფარგლებში ვაფუძნებთ სპეციალურ პლატფორმას, სადაც სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობა იქნება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, შეეძლება მოსაზრებები გამოხატოს კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით. პირველი ასეთი ადგილი იქნება გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობა.
14 დეკემბერს, 10:00 საათზე გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში გაიმართება პირველი შეხვედრა. მინდა ყველას მოვუწოდო, მათ შორის მოსახლეობას, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს – მობრძანდით და ერთად განვიხილოთ კონცეფცია, თუ როგორ განვითარდეს ეს ადგილი“, – განაცხადა კალაძემ.