დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების 80 ავტომანქანა გადასცა
დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა.
თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიას დაესწრნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე.
„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი შემოვიდა, რომლებიც დღეიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და ყურადღება გავამახვილო იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც ჩვენ 2012 წლის შემდეგ განვახორცილეთ ჯანდაცვის მიმართულებით. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჯანდაცვა, რომელიც პრივილეგია იყო, დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ არ ვჩერდებით იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც წლების განმავლობაში განხორციელდა და ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის პროგრამებით და ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, თუმცა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ის, რომ ჯანდაცვა, ზოგადად, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემის გარეშე და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. თქვენ იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ექვემდებარებოდა ქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და ვფიქრობ, ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ერთიან სისტემაში მოექცევა ეს მიმართულება, ერთი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც უფრო ეფექტიანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ. ეხმარებოდნენ დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენს სტუმრებს. უამრავი ისტორია შემიძლია მოვყვე ამ ადამიანებზე, თუმცა ახლა ამის შესაძლებლობა არ არის. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი უწყების ქვეშ ვიქნებით. ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ხალხს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ყველაზე მთავარია, რომ ეს ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და საჭიროების შემთხვევაში არის მაქსიმალური მზადყოფნა, რომ მოემსახურონ ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა წარმატება უსურვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და კომპეტენციის ფარგლებში თანადგომა აღუთქვა.
მიმდინარე წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანდა. როგორც მერიაში აცხადებენ, ქვეყანაში დაინერგა ერთიანი, თანამედროვე სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს და პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად მოერგება.