თბილისში ქუჩის ხელოვნების განვითარების მიზნით, დედაქალაქის მერია რამდენიმე პროექტს განახორციელებს
ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ქუჩის მხატვრობის 70-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ბოლო წლებში, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილის ხელოვნება – „სტრიტ არტი“. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე ატრაქციად იქცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე წელია, თბილისის მერიის ხელშეწყობით, დედაქალაქში ქუჩის მხატვრობის ფესტივალები იმართება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები მონაწილეობენ.
„2019 წელს, დედაქალაქში დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი – „თბილისის მურალ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც უკვე მოიხატა 15 კედელი და წელს დაგეგმილია კიდევ 10-მდე კედლის მოხატვა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში – ვარკეთილში, ბახტრიონზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის კვარტლებსა და ჩუღურეთში. თბილისის მერიისა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის, მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. ასევე, მივმართავ ბიზნესკომპანიებს, თუ სურვილი აქვთ ჩაერთონ მსგავს პროექტებში, რომ ქართველი არტისტების საქმიანობას შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.