დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ფულადი ჯარიმა 200-დან 2 000 ლარამდე იქნება
დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ფულადი სანქციები იზრდება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება გუშინ მოხდა.
ცვლილებების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ გზებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით (50 ლარის ნაცვლად).
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი, 1000 ლარით დაჯარიმდება (500 ლარის ნაცვლად).
ამას გარდა, პროექტით, იერსახის დამახინჯებად განიხილება სხვადასხვა სახის წარწერების ნახატების, სიმბლოეების თვითნებურად შესრულება, ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე გამოიწვევს დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით ( 500 ლარის ნაცვლად). ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 2000 ლარი ოდენობით (1000 ლარის ნაცვლად).