დღეიდან დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაწერილი ჯარიმები მკაცრდება.
კერძოდ, კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ გზებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 50 ლარისა, როგორც აქამდე იყო. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი, 1000 ლარით დაჯარიმდება (500 ლარის ნაცვლად).
ამასთან, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე 1 000 ლარით დაჯარიმდება. დღემდე ჯარიმის ოდენობა 500 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ფაქტის განმეორებით ჩადენაზე ჯარიმა 1000-დან 2 000 ლარამდე იზრდება.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზედამხედველობის სამსახურს აქვს შესაძლებლობა აქტიურად გამოავლინოს კანონდარღვევის ფაქტები და კანონდამრღვევი პირები დააჯარიმოს.
„მხოლოდ ჯარიმების ოდენობა არ გაიზარდა, გაცილებით მოქნილები გავხდით. ზედამხედველობის სამსახურს დაჯარიმების შესაძლებლობა უფრო მარტივად აქვს. არაერთხელ განმიცხადებია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახის შენარჩუნება. ბევრი შემთხვევაა ფასადების დაზიანების, ასევე საარჩევნო პლაკატების ისეთ ადგილზე გაკვრის, სადაც ეს აკრძალულია. კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს“, – განმარტა კახა კალაძემ.
ამავე კოდექსის მიხედვით, სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟსა ან/და განთავსებაზე ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი − 1 000 ლარით. თუ დაჯარიმებიდან 20 დღიან პერიოდში კანონდარღვევის ფაქტი არ აღმოიფხვრა, ამ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 1500 ლარამდე გაიზრდება.