თბილისში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები დგინდება
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები დგინდება
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 25 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით, ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება 50 ლარით დაჯარიმდება.
ასევე პროექტით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, დაჯარიმდება – 100 ლარით.
ამასთან, ცვლილებებით, წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე, დაჯარიმდება – 100 ლარით.
ამას გარდა, ინიციატივით, ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, დაჯარიმდება – 50 ლარით.
ცვლილებებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, დაჯარიმდება – 200 ლარით. განმეორებით შემთხვევაზე კი ჯარიმა – 400 ლარი იქნება.
კანონპროექტის მიხედვით, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ასევე კანონპროექტით, დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე,
ჯარიმა – 500 ლარი იქნება. ცვლილებების ავტორები დეპუტატები ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი, გოჩა ენუქიძე არიან.