დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი იზრდება და მილიარდ 632 მილიონი ლარით განისაზღვრება
თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია და მისი ოდენობა მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტს დაემატება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი. ჯამში კი, სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად მილიარდ 768 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.
„საკრებულოს წარვუდგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია და ეს არ ყოფილა საბოლოო ვერსია. ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მომხდარიყო დამატებითი ტრანსფერის განხორციელება, რათა ყველა ის დაპირება, რაც გვაქვს, ეტაპობრივად შესრულდეს. ჩვენთვის, ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ამ პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საბოლოო ბიუჯეტი განისაზღვრა მილიარდ 632 მლნ ლარით. შეგახსენებეთ, 2022 წელს ეს თანხა შეადგენდა მილიარდ 560 მილიონ ლარს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერს, ის – 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი 136 მილიონ ლარს შეადგენს. მთლიანობაში, 2023 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 768 მილიონი ლარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა – 530 მლნ ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-განვითარებას მოხმარდება. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე ახალი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.
„აღნიშნული თანხიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისა და განვითარებისთვის დაიხარჯება 530 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის 243 მლნ ლარი გამოიყოფა, ხოლო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის – 211 მლნ ლარი. ასევე, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება, რომლისთვისაც გამოყოფილია დაახლოებით 500 მლნ ლარი. 2023 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები, როგორებიცაა: 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა; წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება; დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვასა და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მომავალ წელს მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება სამგორსა და ისანში, ასევე სამგორში მოეწყობა ახალი პარკი. გარდა ამისა, გამგეობებიც განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მოწყობა, კახეთის გზატკეცილზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ტექნიკის შესყიდვა.