თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს 33-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.
ბიუჯეტი 2020 წლისთვის მილიარდ 21 მილიონით განისაზღვრა. მასში სოციალური საჭიროებისთვის 317 მილიონია გათვალისწინებული, ხოლო 430 მილიონამდე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020-ის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.
„ამხელა ბიუჯეტი დედაქალაქს არასდროს ჰქონია. მთლიანი ასიგნებებით მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება ქალაქისთვის. ორი ძირითადი მიმართულება გვექნება – ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები; ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიტიკა რჩება პრიორიტეტებში. ამ თანხებიდან დიდი ნაწილი იქნება გამოყოფილი დამატებით ახალი ავტობუსების შესყიდვაზე იმისთვის, რომ არა მხოლოდ არსებული პარკის ჩავანაცვლოთ, ახალი ავტობუსები დავამატოთ“, – განაცხადა კალაძემ.