დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ ლარამდე გაიზრდება
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ ლარამდე გაიზრდება

დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება და მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან.

„მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მილიარდ 79 მილიონი ლარი. საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ამ თემაზე მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან,
ბატონ გიორგი გახარიასთან. ასევე, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ 2020 წელს განსახორციელებელი პროექტები და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მეტი – დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონ ლარამდე. მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო თბილისელების სახელით მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ქალაქისთვის და ეს, რა თქმა უნდა, თვალშისაცემი და ხელშესახები იქნება ყველასთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 2020 წელს დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით.